გამოქვეყნდა იურიდიული ფაკულტეტის „საჯარო სამართლის ჟურნალის“ 2023 წლის პირველი ნომერი, რომელიც აერთიანებს 6 აკადემიურ სტატიას საჯარო სამართლის სფეროში. პირველ გამოცემაში ნაშრომები ქართველმა და უცხოელმა ავტორებმა წარმოადგინეს.
გამოცემაში იხილავთ:
- პროფ. გერდ ვინტერისა და პროფ. კობა ყალიჩავას სტატიის თარგმანს, სახელწოდებით: „სამართლის ტრანსფერი და შინაგანი დინამიკა ტრანსფორმაციულ ქვეყნებში: საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის განვითარების მაგალითი“;
- პროფ. ბესარიონ ზოიძის სტატიას ქართულ სამართალში ფორმალიზმის შესახებ, რომელიც განხილულია უპირატესად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით;
- პროფ. კობა ყალიჩავასა და ლია შატბერაშვილის სტატიას სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი ასპექტების შესახებ ევროინტეგრაციის კონტექსტში: შედარებითი ანალიზი;
- პროფ. ნორბერტ ბერნსდორფის სტატიის თარგმანს, სახელწოდებით: „ადამიანის ძირითადი უფლებები ევროპულ კავშირში: ძირითად უფლებათა ქარტიის მნიშვნელობა – რომელიც დღემდე ვერ გახდა ევროპული კონსტიტუცია“;
- პაატა ჯავახიშვილის სტატიას, სახელწოდებით: „საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ნეგატიური კანონმდებელი და მისი კანონშემოქმედებითი ტრანსფორმაცია ქართულ სამართლებრივ სინამდვილეში“;
- თამარ შავგულიძის სტატიას სახელწოდებით: „განგრძობადი აღიარებითი სარჩელი ქართულ ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში – ქართული და გერმანული სამართლის შედარება“.
საჯარო სამართლის ჟურნალი 2022 წელს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე დაფუძნდა და არის რეცენზირებადი და რეფერირებადი პერიოდული გამოცემა, რომელიც ქვეყნდება წელიწადში ორჯერ ქართული და უცხოენოვანი (ინგლისურ-გერმანული) გამოცემების სახით. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება თსუ-ს და ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებისგან.
- პირველი გამოცემის სანახავად იხ. ბმული: journalofpubliclaw.tsu.ge/img/sajaro-samartlis-Jurnali_1-2023.pdf
- ჟურნალის ვებგვერდის სანახავად იხ. ბმული: journalofpubliclaw.tsu.ge/?leng=ge